Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება

თავი I.

ზოგადი  დებულებანი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი”  ან  ,,თსუ“)  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტი (შემდგომში  – ,,ფაკულტეტი”) წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ფარგლებში ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და კვლევებს სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. ფაკულტეტი ვალდებულია, შექმნას პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევისათვის, უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე.

3. ფაკულტეტის ოფიციალური სახელწოდებაა „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი“.

4. ფაკულტეტის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით.

5. ფაკულტეტს აქვს ბლანკი უნივერსიტეტის გერბის გამოსახულებით. ბლანკის გამოყენება ფაკულტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ხდება ფაკულტეტის დეკანის დავალებით ან თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

6. ფაკულტეტს აქვს ბეჭედი და უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის ფარგლებში არსებული სპეციალური განყოფილება.

7. ფაკულტეტის მისამართია: ილია ჭავჭავაძის გამზირი N8, 0179 თბილისი, საქართველო. მუხლი 2. დებულების მოქმედების სფერო

1.  წინამდებარე     დებულება     განსაზღვრავს     ფაკულტეტის     სამართლებრივ     სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ფაკულტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2.  ფაკულტეტის დებულება შესასრულებლად სავალდებულოა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულის, პერსონალისა და სტუდენტისათვის და სახელმძღვანელო დოკუმენტია უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის.

თავი II

ფაკულტეტის სტრუქტურა, მართვის ორგანოები და სხვა სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 3. ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები

1.  ფაკულტეტის  მართვის  ორგანოებია:  ფაკულტეტის  საბჭო,  ფაკულტეტის  დეკანი  და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით და მის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის ადმინისტრაცია (დეკანი, დეკანის მოადგილეები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი), ფაკულტეტის სასწავლო - სამეცნიერო, დამხმარე საგანმანათლებლო, დამხმარე სამეცნიერო და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.

მუხლი 4. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობა

1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებიდან - მიმართულებებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე არჩეული აკადემიური პერსონალი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭოს შედგება 35 წევრისგან, საიდანაც აკადემიური პერსონალის რაოდენობაა 25, ხოლო სუდენტ წევრთა რაოდენობაა 9. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში, ფაკულტეტის საბჭოს წევრის სტატუსით ასევე შედის ფაკულტეტის დეკანი, რომელიც არის ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე.

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

3. ფაკულტეტის საბჭოს ფორმირების მიზნით დეკანის ბრძანებით ფაკულტეტზე იქმნება მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისია, რომელიც      ახორციელებს ფაკულტეტის საბჭოში მიმართულებებიდან წარმომადგენლების არჩევის პროცესის უზრუნველყოფას.

4. საარჩევნო კომისიის წევრს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როგორც ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატს. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ფაკულტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.

5. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნიდან ერთი კვირის განმავლობაში საბჭოს წევრობის  მსურველი  აკადემიური  პერსონალი  განცხადებით  მიმართავს  ფაკულტეტის  საარჩევნო კომისიას მისი საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირების თხოვნით.

6. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებიდან      ფარული კენჭისყრით. არჩევნები ტარდება მიმართულებაზე, თითოეული მიმართულება ფაკულტეტის საბჭოს წევრს/წევრებს ირჩევს საკუთარი შემადგენლობიდან.

7. ყოველ კანდიდატს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად. აკადემიურ პერსონალს აქვს იმდენი ხმის უფლება, რამდენი წევრიც არის ასარჩევი მიმართულებიდან ფაკულტეტის საბჭოში; უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი (კანდიდატები) ხდება ფაკულტეტის საბჭოს წევრი. თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში მიმართულების იმავე სხდომაზე, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა.

8. კენჭისყრის შედეგები ჯამდება სათანადო ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

9. ფაკულტეტის საბჭოს წევრად არჩეული აკადემიური პერსონალის საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება კონკრეტული აკადემიური პერსონალის კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით. აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ვადის გასვლის ან აკადემიური თანამდებობის ვადაზე ადრე    დატოვების    შემთხვევაში    (დეკანის უფლებამოსილების    ვადაზე    ადრე    შეწყვეტის  შემთხვევაში)  პირს  უწყდება  ფაკულტეტის საბჭოს წევრის სტატუსი. ფაკულტეტის საბჭოში ვაკანტური   ადგილის   დასაკავებლად   (გარდა   დეკანისა) ცხადდება ხელახალი არჩევნები, საბჭოს წევრთა არჩევნების ზემოთ წარმოდგენილი პროცედურების დაცვით.

10.  ფაკულტეტის     საბჭოს     წევრი     სტუდენტური     თვითმმართველობის     წარმომადგენელი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის, ასევე სხვა ფაკულტეტზე მობილობის წესით გადასვლის შემთხვევაში ავტომატურად კარგავს ფაკულტეტის საბჭოს წევრობის უფლებას.

მუხლი 5. ფაკულტეტის საბჭოს ფლება მოსილება

1. ფაკულტეტის საბჭო:

ა)   განსაზღვრავს   და   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელს   წარუდგენს   ფაკულტეტის   ბიუჯეტის პროექტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე)  მონაწილეობს  საუნივერსიტეტო  სადისერტაციო  საბჭოს  დებულების  შემუშავებასა  და აკადემიური საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენის პროცედურაში;

ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ ) ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;

თ)  მაგისტრანტობის  კანდიდატებისთვის  შეიმუშავებს  უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში;

კ)  სასწავლო  წლის  დასაწყისში  განსაზღვრავს  კოეფიციენტებს  ერთიანი  ეროვნული გამოცდისათვის;

ლ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

მ)  დეკანის  უფლებამოსილების  ვადამდე  შეწყვეტის  შემთხვევაში  თავისი   შემადგენლობიდან ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;

ნ) ქმნის კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური უმაღლესი განათლების ცალკეული  საფეხურის - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა  დასრულების  შემდეგ  პირისათვის შესაბამისი აკადემიურ ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე დადგენილი წესის თანახმად.

ო) ამტკიცებს ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის დებულებას;

პ) ქმნის კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიას;

ჟ) განსაზღვრავს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრების შერჩევის კრიტერიუმებსა და წესს;

რ) ამტკიცებს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ს) ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის სათაურს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის წარდგინებით;

ტ) იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და სადისერტაციო ნაშრომის სათაურის ცვლილებების შესახებ;

უ)   ახორციელებს   წინამდებარე   დებულებით   უნივერსიიტეტის   წესდებითა   და   საქართველოს

კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. თუ საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

4. ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია, გარდა მოქმედი კანონმდებლობით და უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 6. ფაკულტეტის დეკანი

1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანი.

2.   ფაკულტეტის   დეკანს   ჰყავს   ორი   მოადგილე,   საქმიანობის   სასწავლო   და   სამეცნიერო სფეროებში.

მუხლი 7. ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი

1.   ფაკულტეტის დეკანის არჩევნებს  ატარებს  და  არჩევნების  დღეს აცხადებს  ფაკულტეტის საბჭო.

2.  ფაკულტეტის დეკანს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით, გამჭვირვალეობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

3. დეკანად შეიძლება აირჩეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  ან  ასოცირებული  პროფესორი,  რომელიც  ფლობს  დოქტორის  ან  მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

4.   დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.

6.   დეკანობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის, მისი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი და სამუშაო    გამოცდილების    ამსახველი    დოკუმენტაციის    გარდა,    აუცილებელია    ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა.

7.   არჩევნები  ტარდება  ფაკულტეტის  საბჭოს  სხდომაზე.  თუ  ფაკულტეტის  დეკანი  არის დეკანობის კანდიდატი, მას არ აქვს სხდომის თავმჯდომარეობის უფლება და ფაკულტეტის საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის დაწყებისთანავე ირჩევს ფაკულტეტის საბჭო.

8.    ფაკულტეტის დეკანს ფაკულტეტის საბჭო ირჩევს ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა დეკანის ასარჩევად ტარდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების დღეს.

9. დეკანის  არჩევნები  ჩატარებულად  ითვლება,  თუ  მასში  მონაწილეობა  მიიღო  ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

10.   არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმას.

11.  იმ  შემთხვევაში,  თუ  დეკანის  არჩევნებში  მონაწილე  კანდიდატთაგან  ვერც  ერთი  ვერ მიიღებს ფაკულტეტის    საბჭოს    წევრთა    სიითი    შემადგენლობის    უმრავლესობის მხარდაჭერას, ტარდება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 1 (ერთი) საათისა. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს პირველი ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

12. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობს მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი და ვერ მიიღებს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას, ან მეორე ტურში დეკანობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას, ფაკულტეტის საბჭო უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით ნიშნავს ხელახალ არჩევნებს არაუგვიანეს 5 დღის ვადაში.

13.  ფაკულტეტის  დეკანის  თანამდებობის  დაკავებასთან  დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურები წესრიგდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილებით.

მუხლი 8. დეკანის უფლებამოსილებები

1. ფაკულტეტის დეკანი:

ა)  უზრუნველყოფს  ფაკულტეტის  სასწავლო-სამეცნიერო  საქმიანობის  ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ)  თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში  პასუხისმგებელია  წარმომადგენლობითი  საბჭოს, აკადემიური საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის;

ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ვ) უნივერსიტეტის რექტორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დეკანის მოადგილეების კანდიდატურებს;

ზ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ფაკულტეტის ადმინისტრაციის პერსონალს;

თ) რექტორს წარუდგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების ნუსხის პროექტს; ი) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

კ) საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, წარუდგენს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობას;

ლ) კონსულტაციას უწევს უნივერსიტეტის რექტორს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით;

კ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა

უფლებამოსილებას.

2. დეკანი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

3.   ფაკულტეტის   ინტერესებიდან   გამომდინარე   დეკანისათვის   სამუშაო   ადგილის   დროებით შეცვლის (მივლინება) და შვებულების მიცემის გადაწყვეტილებას იღებს რექტორი, რაც ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

4.   დეკანის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში,  დეკანის  მოვალეობის  შემსრულებლის  განსაზღვრის  შესახებ  შესაბამისი სამართლებრივი აქტის არარსებობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ავტომატურად ასრულებს დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი დეკანის მოადგილე სამეცნიერო სფეროში.

მუხლი 9. დეკანის მოადგილეები

1. დეკანს ჰყავს ორი მოადგილე - სასწავლო სფეროში და სამეცნიერო სფეროში.

2.      ფაკულტეტის   დეკანის   მოადგილის   თანამდებობის   დაკავების   უფლება,   უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით, აქვს უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს.

3. დეკანის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეკანის წინაშე.

4. სასწავლო სფეროში დეკანის მოადგილის ძირითადი ამოცანებია:

ა) სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის უზრუნველყოფა;

ბ) სასწავლო საქმიანობის განმახორციელებელი ფაკულტეტის ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა;

გ) სასწავლო პროცესის განრიგისა და აკადემიური პერსონალის დატვირთვების მონიტორინგი;

ე) ფაკულტეტის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;

ვ) დეკანის დავალებების შესრულება.

5.სამეცნიერო სფეროში დეკანის მოადგილის ძირითადი ამოცანებია:

ა) ფაკულტეტზე სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა;

ბ) სტუდენტთა სამეცნიერო წრეების, დოქტორანტთა კოლოკვიუმებისა და სემინარების მუშაობის კოორდინირება და მონიტორინგი.

გ)  ფაკულტეტის  მიერ  დაგეგმილი  სხვადასხვა  სამეცნიერო  ღონისძიების  ჩატარების ორგანიზაციული და ტექნიკური ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

ვ) დეკანის დავალებების შესრულება.

მუხლი 10. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტატუსი

1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის ფაკულტეტის მართვის ორგანო.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას, რაშიც მონაწილეობენ სტუდენტებიც.

3.   ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას.

4.    ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს არსებული კანონმდებლობისა და ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

5.  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილს.

მუხლი 11. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამოსილება

1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით; ხელმძღვანელობს და ახორციელებს აკადემიურ სფეროში ფაკულტეტის საქმიანობის თვითშეფასების პროცესს, უზრუნველყოფს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

2.   ფაკულტეტის   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახური   უფლებამოსილია   ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3.        ფაკულტეტის   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახური   იხილავს       საგანმანათლებლო პროგრამებს და მათი ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის შემდგომ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით, ერთობლივი დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საგანმანათლებლო პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.

4.   ფაკულტეტის   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახური   ახორციელებს   საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატურ მონიტორინგს. მიღებულ შედეგებს წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს პროგრამების შემდგომი დახვეწის მიზნით. მონაწილეობს აკადემიური პერსონალის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის შეფასების პროცესში.

5.ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს      ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებთან კომუნიკაციას, რომელიც გულისხმობს ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში მათ მონაწილეობას და სხვ.

მუხლი 12. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტრუქტურა

1. ფაკულტეტის   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახური   აერთიანებს   ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს,  სამსახურის წევრებსა და  დამხმარე პერსონალს.

2. ფაკულტეტის   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახურის წევრი   შეიძლება   იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. სამსახურის წევრი საქმიანობას ახორციელებს ანაზღაურების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის   სამსახური   უფლებამოსილია   კონკრეტული   საკითხის   გადაწყვეტის   მიზნით მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტი.

3.  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დამხმარე  პერსონალი ანაზღაურებადი თანამდებობაა.

მუხლი 13. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებანი

1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსი:

ა) წარმართავს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას უნივერსიტეტის წესდების, ფაკულტეტის დებულებისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს ფაკულტეტის სამსახურის თანამშრომლებს შორის;

გ) ხელმძღვანელობს ფაკულტეტის სამსახურის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებასა და მათ შესრულებას;

დ)  წარმოადგენს  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურს  უნივერსიტეტის  მართვის ორგანოებთან, ფაკულტეტებთან და სხვა სამსახურებთან, ხოლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ფაკულტეტის სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთ-ერთი წევრი.

მუხლი 14. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევის წესი

1.  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით.

2.  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  უფროსი  აირჩევა  ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით.

3.   ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევის პროცედურა მტკიცდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ.

4.    ფაკულტეტის   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახურის   უფროსად   შეიძლება   აირჩეს ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

5.    ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

6.  ფაკულტეტის     ხარისხის     უზრუნველყოფის     სამსახურის     უფროსის     არჩევისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტი.

მუხლი   15.   ფაკულტეტის   დამხმარე   საგანმანათლებლო   და   სამეცნიერო   სტრუქტურული ერთეულები

1. ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ მულტიმედია ცენტრი და გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორია, რომელთა საქმიანობის მიზნები და წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

2. ფაკულტეტის დამხმარე სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ საქართველოს სამეზობლოს კვლევებისა და კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტები, რომელთა საქმიანობის მიზნები და წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

მუხლი 16. ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები

1.   ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები იქმნება ფაკულტეტის გამართული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

2.  ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ: სასწავლო პროცესის მართვის სამსახური,  სამეცნიერო  კვლევებისა და  განვითარების  სამსახური  და ადმინისტრაციული სამსახური.

3. უნივერსიტეტის საშტატო განრიგით ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულისთვის გათვალისწინებული  საშტატო  თანამდებობათა დასახელებებია:    სამსახურის უფროსი,  სამსახურის უფროსის მოადგილე (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), მთავარი სპეციალისტი ( I კატეგორია), მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია), წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი .

მუხლი 17. სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

1. სასწავლო  პროცესის  მართვის  სამსახური  უზრუნველყოფს  სასწავლო  პროცესის ორგანიზებას, სტუდენტთა საინფორმაციო მონაცემთა ბაზის სრულყოფას, სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოებას, სტუდენტთა ინფორმირებას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით და სხვ.

2.  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ფაკულტეტზე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

ბ) საგანამანათლებლო პროგრამების რეალიზაციის ხელშეწყობა სასწავლო-მეთოდური მიდგომის შესაბამისად;  სასწავლო ცხრილების შედგენა, კურიკულუმის განხორციელების მონიტორინგი;

გ) ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ინფორმირება   ელ-ფოსტით უნივერსიტეტში  სასწავლო  პროცესთან  დაკავშირებული  ახალი  წესების,  რეგულაციების, ინსტრუქციების მიღების ან მათში ცვლილებების შეტანის შესახებ;

დ) აკადემიური პერსონალის სემესტრული სააუდიტორიო დატვირთვების შესახებ ინფორმაციის შეგროვება - კოორდინირება;

ე) სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება;

ვ) სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;

ზ) უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში სტუდენტის პირადი მონაცემების ასახვა და მუდმივი განახლება;

თ) შუალედური და დასკვნითი გამოცდების უწყისების წარმოება სასწავლო პროცესის განმახორციელებელ პერსონალთან  ერთად;

ი) კურსდამთავრებულთა თაობაზე წარდგინების პროექტისა    და დიპლომის დანართების მომზადება;

კ) კურსდამთავრებულთა დოკუმენტაციის დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად;

ლ)   სასწავლო   პროცესთან   დაკავშირებით   ფაკულტეტზე   შემოსული   კორესპონდენციის წარმოება;

მ) სტუდენტთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე; ნ) სტუდენტთა მობილობის პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა;

ო) სტუდენტთათვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

პ)  ფაკულტეტის  საგანმანათლებლო  პროგრამებზე  უცხოელი  სტუდენტების  მოზიდვის ხელშეწყობა;

ჟ) კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიაში მონაწილეობა.

3. სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უზრუნველყოფს სტუდენტთა ტუტორიალს.

მუხლი 18. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური

1.  სამეცნიერო  კვლევებისა  და  განვითარების  სამსახური  ფაკულტეტის  დამხმარე სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევების ორგანიზებას, ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო, კვლევით და სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობების დამყარებას, ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებას, მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერთა მოწვევასა  და  სამეცნიერო  ინტელექტის  მოზიდვას  ფაკულტეტზე;  კოორდინირებას  უწევს ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების მუშაობას და სხვ.

2.   სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ინოვაციურ ცოდნაზე, ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევების განხორციელების, სამეცნიერო–კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა; სასწავლო-მეთოდური   და   სამეცნიერო   ლიტერატურის   თარგმნის   პროცესის   ორგანიზების,   ამ პროცესის მიზნებისათვის შესაბამისი ადამიანური რესურსების მოძიების და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ახალი სახელმძღვანელოების შექმნის გზით საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზების ხელშეწყობა;

ბ) სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შედეგების ანალიზი, წლიური ანგარიშის  მომზადება და უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში წარდგენა;

გ) ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდისა და მეცნიერ–მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება;

დ) უცხოელ მეცნიერთა მოწვევისა და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სტაჟირების ორგანიზების ხელშეწყობა;

ე) პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება; ვ) სტუდენტთა სამეცნიერო წრეების მუშაობის კოორდინირება და მონიტორინგი;

ზ) დოქტორანტთა კოლოკვიუმების და სემინარების ორგანიზება;

თ) ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ინფორმირება საგრანტო კონკურსების შესახებ;

ი)  ფაკულტეტის  საერთაშორისო  კავშირების  გაფართოება,  ერთობლივი  სასწავლო  და სამეცნიერო პროექტების განხორციელება ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებების ფარგლებში;

კ) სამეცნიერო ჟურნალების შექმნა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის;

ლ) დარგობრივი „საბავშვო უნივერსიტეტების“ ორგანიზება, ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან მუშაობა.

3. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში კოორდინირებულად მუშაობს სადისერტაციო საბჭოსთან და პასუხისმგებელია დოქტორანტთა სამეცნიერო აქტივობების განხორციელებაზე.

მუხლი 19. ადმინისტრაციული სამსახური

1. ადმინისტრაციული სამსახურის მიზანია ფაკულტეტის მატერიალური და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების უზრუნველყოფის, გამართული საქმისწარმოებისა და თავისი კომპენტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან კოორდინირებული ღონისძიებების გატარების შედეგად, ფაკულტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და დამხმარე პერსონალს შეუქმნას სწავლის, შრომისა და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის შესაბამისი პირობები.

2. სამსახურის საქმიანობის სფერო და ძირითადი ფუნქციები:

ა) ფაკულტეტზე დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და გამართული ფუქციონირება;

ბ)  შემოსული  და  გასული  კორესპონდენციების,  განცხადებებისა  და  საჩივრების  მიღება  და რეგისტრირება;

გ) დეკანის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და ფაკულტეტის შესაბამისის თანამშრომლებისათვის ასლების მიწოდება;

დ)   სააღრიცხვო,   საცნობარო   სამუშაოთა   შესრულება   და   დანიშნულებისამებრ   გადაგზავნა-გადაცემა;

ე) დოკუმენტაციის გაცემა უფლებამოსილ პირებზე;

ვ) საარქივო საქმისწარმოება;

ზ)ფაკულტეტზე       არსებული       საჯარო       ინფორმაციის       მიწოდება,       ამ       ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირისთვის, მისი მოთხოვნისთანავე;

თ) ფაკულტეტის განკარგულებაში არსებული მატერიალური რესურსების შენახვის, აღრიცხვის და გამოყენების პროცეცსის სრულყოფის მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა;

კ) მატერიალურ ფასეულობათა მიღება და მოვლა - პატრონობა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით;

ლ) სასწავლო და სამეცნიერო -კვლევითი პროცესების მატერიალურ - ტექნიკური მხარდაჭერა;

მ) ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტის შექმნასა და შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ნ) ფაკულტეტის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების ეკონომიკურ ანალიზსა და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;

ო) ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის;

პ) ფაკულტეტისთვის საჭირო სხვადასხვა პროგრამული და ელეტრონული რესურსების ექსპულატაციის უზრუნველყოფა;

ჟ) ფაკულტეტის ვებგვერდისა და სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალების ადმინისტრირება და მართვა;

რ) სხვადასხვა ღონისძიებებისთვის საჭირო ბეჭდური და სარეკლამო მასალების დამზადება;

ს) სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა;

ტ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

3. ადმინისტრაციულ სამსახურში ინახება ფაკულტეტის  ბეჭედი და ბლანკი, რომელიც გამოიყენება დადგენილი წესისი მიხედვით.

მუხლი 20. ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

1.  ფაკულტეტის ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შემადგენელი ნაწილი და მისი მართვა ხორციელდება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულებით დადგენილი წესით.

2.   ბიბლიოთეკის  თანამშრომელთა  უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულებით.

თავი III

საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები - მიმართულებები

მუხლი 21. საგანმანათლებლო პროგრამა

1.   საგანმანათლებლო     პროგრამა     არის     სწავლის     შედეგებსა     და     კომპეტენციებზე, დარგობრივი, პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების შეძენაზე დაფუძნებული, სტუდენტზე ორიენტირებული, მოქნილი სტრუქტურის მქონე კურიკულუმი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალისტთა მომზადებას სწავლების ცალკეული საფეხურის მიხედვით.

2.  საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება ადამიანური რესურსით,  რომელშიც შედის შესაბამისი   კვალიფიკაციის   მქონე   აკადემიური   პერსონალი,   მასწავლებელი,   მკვლევარი   ან მოწვეული პერსონალი. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით  გათვალისწინებული  სწავლის  შედეგების  გამომუშავებისათვის  აუცილებელი კომპეტენცია, რაც შეიძლება დადგინდეს ამ პირის აკადემიური ხარისხით, მიღებული სპეციალური განათლებით, პუბლიკაციებითა და პროფესიული გამოცდილებით.

3. საგანმანათლებლო     პროგრამა     შეიძლება     განხორციელდეს     პარტნიორ დაწესებულებებთან: საქართველოს ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ან სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით.

მუხლი 22. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, განხილვა, დამტკიცება

1. ფაკულტეტის საგანანათლებლო პროგრამას შეიმუშავებენ ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები.

2. საგანმანათლებლო პროგრამის განხილვის პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი მიმართულების აკადემიური   პერსონალის   სხდომაზე.   გადაწყვეტილება   მიიღება   ხმათა   უმრავლესობით   და ფორმდება ოქმის სახით. მიმართულება პროგრამასა და ოქმს წარუდგენს   ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, დადებითი დასკვნის შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამას წარუდგენს ფაკულტეტის დეკანს.

4. ფაკულტეტის დეკანი სასწავლო პროგრამას განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.

5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და თანხმობის შემთხვევაში უგზავნის მას უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს აკადემიური საბჭოს წინაშე წარსადგენად.

6.საგანმანათლებლო პროგრამას ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

7. დამტკიცებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება პროგრამის დამტკიცებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

8. პროგრამის მუშაობისას აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზების გასწორება ხდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.

9. საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვას, შემუშავებასა და განვითარებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქციით, რომელიც მტკიცდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

მუხლი 23. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

1. საგანმანათლებლო პროგრამას ჰყავს   პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის არჩევისა და დამტკიცების  პროცედურა  წარმოადგენს  საგანმანათლებლო  პროგრამის  შემუშავებისა  და დამტკიცების პროცედურის შემადგენელ ნაწილს.

2.საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის კანდიდატურა, როგორც საგანმანათლებლო პროგრამის   შინაარსის   კომპონენტი,   განიხილება   მიმართულების       აკადემიური   პერსონალის სხდომაზე. გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით.

3. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის   შესაბამისი დარგის              პროფესორი   ან   ასოცირებული   პროფესორი.   რამდენიმე           ხელმძღვანელის შემთხვევაში პროგრამის ხელმძღვანელთა საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს პროგრამის კოორდინატორი.

4. პროგრამას ასევე შეიძლება უხელმძღვანელოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულმა პირმა. გადაწყვეტილებას პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ იღებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, რომელშიც უნდა დასაბუთდეს პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში მოწვეულ პირთან ერთად პროგრამას უნდა უხელმძღვანელოს უნივერსიტეტის პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმაც.

5. პროგრამის ხელმძღვანელი    წარმოადგენს ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ძირითად საკონტაქტო პირს, რომელსაც ეცნობება პროგრამის შიდა და გარე შეფასების, ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის შედეგები და ევალება მათზე რეაგირება პროგრამის სრულყოფის მიზნით.

6.  პროგრამის  ხელმძღვანელი  პასუხისმგებელია  საუნივერსიტეტო,  ავტორიზაციის  და აკრედიტაციის  მოთხოვნებთან  პროგრამის  შესაბამისობაზე.  საბაკალავრო  ან  სამაგისტრო პროგრამის  ხელმძღვანელი  პასუხისმგებელია  პროგრამის  ფარგლებში  წარმოდგენილი სილაბუსების ხარისხზე; სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სადოქტორო პროგრამის სასწავლო და კვლევითი კომპონენტის ხარისხზე.

7. პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პროგრამის კურიკულუმის ფარგლებში სტუდენტებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაზე, პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე დეკანისათვის წინადადებების წარდგენაზე.

8. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება–განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესში აკადემიური პერსონალის ჩართულობა.

9. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად მოწვეული პერსონალის კანდიდატურები, მოწვევის აუცილებლობის დასაბუთება   და   ინფორმაცია   შესაბამისი   ფინანსური   დანახარჯების   შესახებ   უნდა   განიხილოს მიმართულების  სხდომაზე.

10. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, პედაგოგიური  დატვირთვით  (სააუდიტორიო  საათები),  უპირველეს  ყოვლისა,  უზრუნველყოფილი უნდა იყოს აკადემიური პერსონალი.

11. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის შეცვლა ხდება პროგრამაში ცვლილების შეტანის წესის შესაბამისად.

12. პროგრამის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მიმართულებისა და დეკანის წინაშე. მუხლი 24. სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები – მიმართულებები

1. სასწავლო–სამეცნიერო მიმართულება წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური, ტექნიკური (ტელე–რადიო, ინტერდისციპლინური ლაბორატორიები და სხვ.) საგანმანათლებლო და სამეცნიერო რესურსების გამაერთიანებელ სასწავლო–სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს.

2. ფაკულტეტზე არსებობს შემდეგი სასწავლო – სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები – მიმართულებები:

ა) ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;

ბ) სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება; დ) პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;

ე) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება; ვ) საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;

ზ) ინტერდისციპლინური მიმართულება.

3.  მიმართულებაში გაერთიანებულია შესაბამისი დარგ(ებ)ის აკადემიური პერსონალი.

მუხლი 25. მიმართულების ხელმძღვანელი

1. მიმართულების ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი (ასისტენტ-პროფესორი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის კანდიდატურა) არაუმეტეს 2 წლის ვადით.

2. დაუშვებელია მიმართულების ხელმძღვანელად ერთი და იგივე პირი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით.

3. მიმართულების ხელმძღვანელის კანდიდატურას მიმართულების სხდომაზე ირჩევს მიმართულების აკადემიური პერსონალი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. შერჩეულ კანდიდატურას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფაკულტეტის დეკანი.

4.    მიმართულების ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთა საქმიანობას.

5.   მიმართულების   ხელმძღვანელმა   საგანმანათლებლო   პროგრამის   განხორციელებასთან დაკავშირებული არსებითი საკითხები, მათ შორის აკადემიური პერსონალის მუშაობის ეფექტიანობა უნდა განიხილოს მიმართულების აკადემიური პერსონალის სხდომაზე.

6.  მიმართულების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის დეკანის წინაშე.

თავი IV

ფაკულტეტის პერსონალი

მუხლი 26. ფაკულტეტის პერსონალი

1. ფაკულტეტის პერსონალი შედგება აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან. ფაკულტეტის პერსონალის საშტატო ნუსხა წარმოადგენს უნივერსიტეტის საშტატო განრიგის ნაწილს, რომელიც მტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.   ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალის შეფასება ხორციელდება უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

მუხლი 27. აკადემიური პერსონალი

1.       ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისაგან.

2.     პროფესორები   მონაწილეობენ   ან/და   წარმართავენ   სასწავლო   პროცესს, საგანმანათლებლო პროგრამასა და მეცნიერულ კვლევებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.          პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას ადგენს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

4.      აკადემიური  თანამდებობის  დაკავების  წესი  და  პირობები,  თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, ასევე აკადემიური პერსონალის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტში მოქმედი სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 28. ადმინისტრაციული პერსონალი

ფაკულტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან: დეკანი, დეკანის მოადგილეები და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

მუხლი 29. დამხმარე პერსონალი

დამხმარე პერსონალს მიეკუთვნებიან უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული შტატგარეშე, ფაკულტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.

 

თავი V

ფაკულტეტის სტუდენტი

მუხლი 30. ფაკულტეტის სტუდენტი

1.       ფაკულტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს   კანონითა   და   უნივერსიტეტის   წესდებით   განსაზღვრული   წესით   ჩაირიცხა   და სწავლობს უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.

2.          სტუდენტის    უფლება-მოვალეობები    განისაზღვრება  საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის   წესდებით და  უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით.

3.          სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

მუხლი 31. ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

1.       ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.      ფაკულტეტის    ბაკალავრიატში    სტუდენტის    ჩარიცხვა    ხდება    ერთიანი    ეროვნული გამოცდების  საფუძველზე,  გარდა  კანონმდებლობით  განსაზღვრული  შემთხვევებისა; ფაკულტეტზე ჩარიცხული ბაკალავრიატის სტუდენტი  (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჩარიცხვა   ხდება კონკრეტულ     საბაკალავრო    პროგრამაზე)  თავად    ირჩევს    მისთვის  სასურველ  საბაკალავრო პროგრამას/პროგრამებს.

3.    ერთიანი     ეროვნული     გამოცდების გავლის     გარეშე     სწავლის     უფლების     მქონე აბიტურიენტი    გამოცდას      აბარებს      შესაბამისი      საგანმანათლებლო    პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში. გამოცდიდან თავისუფლდება ჩარიცხვის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან/და უცხოეთში/საქართველოში არანაკლებ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ენაზე სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს.

4.   ერთიანი    ეროვნული    გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის    გარეშე სწავლის     უფლების     მქონე   სტუდენტი     წერით/ზეპირ გამოცდას       აბარებს       შესაბამისი საგანმანათლებლო  პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალობაში.

5.  მაგისტრატურაში  სწავლის  გაგრძელების  უფლება  აქვს  ბაკალავრის  ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, და აკმაყოფილებს შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად დადგენილ წინაპირობებს.

6.   მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.

7.  მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველის (შემდგომში მაგისტრანტობის კანდიდატი) საბუთების  მიღებას  ახორციელებს  ფაკულტეტის  მიმღები  კომისია,  რომელსაც  ამტკიცებს ფაკულტეტის დეკანი.

8. მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ხდება კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სპეციალობაში წერითი გამოცდის შედეგების საფუძველზე. კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობად შეიძლება განისაზღვროს უცხო ენაში გამოცდის ჩაბარება ან სხვ.

9. გამოცდა სპეციალობაში ტარდება წერილობითი სახით. საგამოცდო ნამუშევრები ფასდება 100 ქულიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის მიიღებს დადებით შეფასებას (მინიმუმ 51%). სპეციალობის გამოცდაში   ნაშრომებს ამოწმებს საგამოცდო კომისია, რომელიც ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე მტკიცდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით. საგამოცდო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

10. უცხო ენაში საგამოცდო ნამუშევარი ფასდება 100 ქულიანი სისტემით. უცხო ენის გამოცდა ჩაბარებულად  ითვლება,  თუ  მაგისტრანტობის  კანდიდატი  მიიღებს  დადებით  შეფასებას  (მინიმუმ 51%). უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტრებელ შესაბამის სერტიფიკატს, ან/და უცხოეთში არანაკლებ ერთი   სასწავლო   წლის   განმავლობაში   სწავლის   დამადასტურებელ   დოკუმენტს.   უცხო   ენაში საგამოცდო ტესტების მომზადებასა და საგამოცდო ნაშრომების გასწორებაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ენების ცენტრი.

11. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს გამოცდას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების  ენაში.  გამოცდიდან  თავისუფლდება  მაგისტრანტობის  კანდიდატი,  რომელიც წარმოადგენს ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან/და უცხოეთში/საქართველოში არანაკლებ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ენაზე სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს.

12. მაგისტრატურაში მისაღებ საკონკურსო გამოცდას/გამოცდებს ატარებს ფაკულტეტი. გამოცდა შესაძლებელია ჩატარდეს უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ტექნიკური მხარდაჭერით.

13. თუ სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონკურსი გადალახა ხუთზე ნაკლებმა მაგისტრანტობის კანდიდატმა სამაგისტრო პროგრამა არ ამოქმედდება, ხოლო სტუდენტებს უფლება მიეცემათ გადავიდნენ ფაკულტეტის სხვა სამაგისტრო პროგრამაზე, ამ პროგრამის წინაპირობების დაცვისა და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

14. კონკურსანტთა საბუთების მიღების ვადები, მიმღები კომისიების მუშაობის რეგლამენტი, საკონკურსო გამოცდების განრიგი, საგამოცდო შედეგების გამოქვეყნებისა და გასაჩივრების წესი, სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების პირობები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობითა და თსუ-ის შიდა სამართლებრივი აქტებით

15. დოქტორანტურაში სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე,

უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს  მიერ  დამტკიცებული  ფაკულტეტის  დოქტორანტურის დებულებით, უცხო ენაში მისაღები გამოცდის, სადოქტორო-კვლევითი პროექტის გეგმა– პროსპექტუსისა და სპეციალობაში გასაუბრების შედეგების საფუძველზე.

16. სტუდენტის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს  კანონით,               უნივერსიტეტის      წესდებით,      უნივერსიტეტში      მოქმედი რეგულაციებითა და სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით.

17. სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდებისა და უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციებით.

მუხლი 32. ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

1.  ფაკულტეტის        სტუდენტური     თვითმმართველობა     შედგება     ფაკულტეტზე     ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე არჩეული სტუდენტებისაგან.

2. ფაკულტეტის    სტუდენტური     თვითმმართველობის     უფლება-მოვალეობები განისაზღვრება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით.

თავი VI

ფაკულტეტის ბიუჯეტი და ფინანსები

მუხლი 33. ფაკულტეტის ბიუჯეტი

1. ფაკულტეტის ბიუჯეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს.

2. უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით, ფაკულტეტი მონაწილეობს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში.

მუხლი 34.  ფაკულტეტის ფინანსები და ქონება

ფაკულტეტი მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით.

თავი VII

გარდამავალი დებულებები და ფაკულტეტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

მუხლი 35. გარდამავალი დებულებები

1. წინამდებარე დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს უნივერსიტეტის აკადემიური  და  წარმამოდგენლობითი  საბჭოების  მიერ  ,,სსიპ  -   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის N45/2012 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ,,სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 14 აპრილის N43/2016 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.

2.  წინამდებარე დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ძალაში შევიდეს უნივერსიტეტის აკადემიური და წარმამოდგენლობითი საბჭოების მიერ „სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - საქართველოს სამეზობლოს  კვლევის  ინსტიტუტის  შექმნისა  და  დებულების  დამტკიცების  შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №30/2014 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის N186/2018 და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის  -  კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის“ გაუქმებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის  -  კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №61/2018 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ “ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის N188/2018 დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.

მუხლი 36. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 37. დებულების მიღება და ამოქმედება

დებულება   ამოქმედდეს უნივერსიტეტის    წარმომადგენლობით საბჭოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე.